ჩემს შესახებ

Thursday, November 12, 2015

4 იდეა სასარგებლო საუზმისთვის

დღე უნდა იწყებოდეს გემრიელად და სასარგებლოდ, არა აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე გაიღვიძებთ. ამიტომ გთავაზობთ 4 იდეას საუზმისთვის, რომელიც გაგახარებთ გემოთი და მომზადების სიმარტივით.


საუზმისთვის სასურველია ავარჩიოთ მაქსიმალურად სასარგებლო და მსუბუქი საკვები. ჯანსაღი საკვებით უნდა დავიწყოთ საუზმე, რადგან მთელი ღამის და დღის პირველ ნახევარში ჩვენი ორგანიზმი იწმინდება და დილით უნდა დახმარება.




                                   ომლეტი ბოსტნეულით და მწვანილით

კვერცხი არის ცხოველური წარმოშობის და ამიტომ კარგი იქნება თუ მას ბოსტნეულს და მწვანილს შევურევთ. ნებისმიერი ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც სახლში იპოვით: პომიდორი, ბულგარული, ყაბაყი, ბროკოლი, ხახვი და სოკო. ბოსტნეული დაჭერით საშუალო ზომაზე და მოათავსეთ ზეთიან ან კარაქიან ტაფაზე.
ამასობაში მოამზადეთ კვერცხის მასა: 2-3 კვერცხი, მსუბუქად ათქვიფეთ (შეგიძლიათ შეურიოთ ცოტა რძე ან ნაღები). დაასხით კვერცხი ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დააფარეთ და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ. დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და თუ სურვილი გაქვთ ცოტა გახეხილი ყველიც.


შვრია ქოქოსით და სანელებლებით

ძალიან მარტივია შვრიის ფაფის მომზადება: მოხარშეთ წყალზე  3-4 წუთი, დაამატეთ ქოქოსის ფანტელები და დარიჩინი, ცოტა კარაქი ან ნაღები. გავაგრილოთ და დავუმატოთ ცოტა თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი. ასეთ არომატულ ფაფას მოუხდება ნებისმიერი ჩირი, ხილი ან მურაბა.

გახუხული პური სოუსით და ბოსტნეულით
პური გასახუხად უმჯობესია ავირჩიოთ ნატურალური, უსაფუარო ჭვავის ფქვილისგან. პურის ყიდვისას აუცილებლად წაიკითხეთ შემადგენლობა ეტიკეტზე. დაჭერით პური სქელ ნაჭრებად და გახუხეთ ტაფაზე(უცხიმოდ) ან აპარატში. წაუსვით სოუსი: პომიდორის, პესტოს, არაჟანის დიჟონის მდოგვში არეული.
შემდეგ მოაწყვეთ თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული: პომიდორი, ბულგარულის ნაჭრები, კიტრი, ბოლოკი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაამატეთ სურვილისამებრ დაჭრილი მწვანილი.




ქრამბლი ხილით და კენკრით
ქრამბლი - შედგება ხილისა და შვრიისგან (მიუსლისგან).  ქვედა ფენისთვის გამოიყენება,  ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ალუბალი, მარწყვი. ჟოლო და მაყვალი. ხილი უნდა დავჭრათ კუბიკებად, მოვაწყოთ თანაბრად საცხობ ფორმაში, აქვე შეგიძლიათ მოაყაროთ კენკროვანი ხილიც. ზედა ფენისთვის საჭიროა შვრიის ფანტელები, დაახლოებით 1 ჭიქა, 50გრ  საყვარელი თხილეულის ნარევი და კარაქი 30-50 გრ - მდე. ეს არის საბაზისო ინგრედიენტები, მაგრამ უფრო გემრიელი გამოვა თუ დაამატებთ დარიჩინს, ქოქოსს, მზესუმზირის ან გოგრის თესლს. 
შვრიის ფანტელები, თხილეული და კარაქი მსუბუქად  დააბლენდერეთ. შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტებიც და მოაყარეთ ხილს ზემოდან. შედგით კარგად გახურებულ ღუმელში 180°C - ზე. ხილი უნდა დარბილდეს, ზედა ნაწილი კი მოიბრაწოს. დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. მომზადების შემდეგ გადმოვიღოთ კოვზით - იგი იქნება უფორმო და ზედაპირი ფხვიერი. მივირთვათ არაჟანთან, ათქვეფილ ნაღებთან ან ნაყინთან ერთად. 











No comments:

Post a Comment