ჩემს შესახებ

Thursday, November 24, 2016

საუზმე ფრანგული ტოსტების სტილში

მინდა შემოგთავაზოთ იდეალური საუზმე. ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს ღუმელი, ჩვენ კი მხოლოდ დავჭრით პურს, მოვამზადებთ შიგთავსს, დავამატებთ ბანანს, გემოსთვის გამოვიყენოთ თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი ან სულაც ბებოს გაკეთებული ჯემი. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა კონიაკი და თქვენთვის საყვარელი თხილეული. ყველაზე მეტ დროს დაკარგავთ ცხობის მოლოდინში,მაგრამ ამ ყველაფრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 5 წუთი, სამაგიეროდ როცა გამოცხვება ისიამოვნებთ ნაზი და ამასთანავე ხრაშუნა პურის ნაჭრებით.მაშ ასე...

მასალა:

  • პური (ტოსტებისთვის)
  •  კვერცხი -3 ცალი
  • ნაღები (20%) - 200 გრ
  • ხაჭოსებრი ყველი -150 გრ
  • სიროფი - 70 გრ
  • ბანანი - 2 ცალი
  • თხილი( გემოვნებით)
მომზადება: 
1. ჯამში ავურიოთ შიგთავსის ყველა მასალა: კვერცხი (3 ცალი ), ხაჭოსებრი ყველი (150გრ), ნაღები(200გრ),ბოლოს სიროფი(თაფლი ან ნეკერჩხალი 70გრ).
ყველაფერი კარგად აურიეთ მიქსერით ან ბლენდერში.
2. პურის ნაჭრები დავჭრათ სამკუთხედებად.წინასწარ ნამცხვრის ფორმას მოარგეთ თუ რამდენი ნაჭერი დაგჭირდებათ(ნამცხვრის ფორმა შეგიძლიათ გამოიყენოთ მართკუთხა ან მრგვალი,სულერთია).ბანანი დავჭრათ (5 მმ) ნაჭრებად.
3. ფორმაში ჩავაწყოთ პური და ბანანი მონაცვლეობით.შემდეგ პურებს ფრთხილად გადავასხათ თხევადი მასა, გააჩერეთ 5 წუთი რომ პურმა კარგად შეიწოვოს სითხე. მოაყარეთ თხილი,
4. შევდგათ და ვაცხოთ 180 ℃  20-40 წუთამდე. თქვენი გადასაწყვეტია დაბრაწული თუ ოქროსფერი ტოსტების მიღება გსურთ. გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი.
BON APETIT!

             

Thursday, November 12, 2015

4 იდეა სასარგებლო საუზმისთვის

დღე უნდა იწყებოდეს გემრიელად და სასარგებლოდ, არა აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე გაიღვიძებთ. ამიტომ გთავაზობთ 4 იდეას საუზმისთვის, რომელიც გაგახარებთ გემოთი და მომზადების სიმარტივით.


საუზმისთვის სასურველია ავარჩიოთ მაქსიმალურად სასარგებლო და მსუბუქი საკვები. ჯანსაღი საკვებით უნდა დავიწყოთ საუზმე, რადგან მთელი ღამის და დღის პირველ ნახევარში ჩვენი ორგანიზმი იწმინდება და დილით უნდა დახმარება.




                                   ომლეტი ბოსტნეულით და მწვანილით

კვერცხი არის ცხოველური წარმოშობის და ამიტომ კარგი იქნება თუ მას ბოსტნეულს და მწვანილს შევურევთ. ნებისმიერი ბოსტნეული შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც სახლში იპოვით: პომიდორი, ბულგარული, ყაბაყი, ბროკოლი, ხახვი და სოკო. ბოსტნეული დაჭერით საშუალო ზომაზე და მოათავსეთ ზეთიან ან კარაქიან ტაფაზე.
ამასობაში მოამზადეთ კვერცხის მასა: 2-3 კვერცხი, მსუბუქად ათქვიფეთ (შეგიძლიათ შეურიოთ ცოტა რძე ან ნაღები). დაასხით კვერცხი ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დააფარეთ და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ. დასრულებამდე 2 წუთით ადრე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და თუ სურვილი გაქვთ ცოტა გახეხილი ყველიც.


შვრია ქოქოსით და სანელებლებით

ძალიან მარტივია შვრიის ფაფის მომზადება: მოხარშეთ წყალზე  3-4 წუთი, დაამატეთ ქოქოსის ფანტელები და დარიჩინი, ცოტა კარაქი ან ნაღები. გავაგრილოთ და დავუმატოთ ცოტა თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი. ასეთ არომატულ ფაფას მოუხდება ნებისმიერი ჩირი, ხილი ან მურაბა.

გახუხული პური სოუსით და ბოსტნეულით
პური გასახუხად უმჯობესია ავირჩიოთ ნატურალური, უსაფუარო ჭვავის ფქვილისგან. პურის ყიდვისას აუცილებლად წაიკითხეთ შემადგენლობა ეტიკეტზე. დაჭერით პური სქელ ნაჭრებად და გახუხეთ ტაფაზე(უცხიმოდ) ან აპარატში. წაუსვით სოუსი: პომიდორის, პესტოს, არაჟანის დიჟონის მდოგვში არეული.
შემდეგ მოაწყვეთ თქვენთვის საყვარელი ბოსტნეული: პომიდორი, ბულგარულის ნაჭრები, კიტრი, ბოლოკი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაამატეთ სურვილისამებრ დაჭრილი მწვანილი.




ქრამბლი ხილით და კენკრით
ქრამბლი - შედგება ხილისა და შვრიისგან (მიუსლისგან).  ქვედა ფენისთვის გამოიყენება,  ვაშლი, მსხალი, ატამი, ქლიავი, ალუბალი, მარწყვი. ჟოლო და მაყვალი. ხილი უნდა დავჭრათ კუბიკებად, მოვაწყოთ თანაბრად საცხობ ფორმაში, აქვე შეგიძლიათ მოაყაროთ კენკროვანი ხილიც. ზედა ფენისთვის საჭიროა შვრიის ფანტელები, დაახლოებით 1 ჭიქა, 50გრ  საყვარელი თხილეულის ნარევი და კარაქი 30-50 გრ - მდე. ეს არის საბაზისო ინგრედიენტები, მაგრამ უფრო გემრიელი გამოვა თუ დაამატებთ დარიჩინს, ქოქოსს, მზესუმზირის ან გოგრის თესლს. 
შვრიის ფანტელები, თხილეული და კარაქი მსუბუქად  დააბლენდერეთ. შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტებიც და მოაყარეთ ხილს ზემოდან. შედგით კარგად გახურებულ ღუმელში 180°C - ზე. ხილი უნდა დარბილდეს, ზედა ნაწილი კი მოიბრაწოს. დაახლოებით 30 წუთი სჭირდება. მომზადების შემდეგ გადმოვიღოთ კოვზით - იგი იქნება უფორმო და ზედაპირი ფხვიერი. მივირთვათ არაჟანთან, ათქვეფილ ნაღებთან ან ნაყინთან ერთად. 











Wednesday, November 11, 2015

დარიჩინის ფუნთუშები

ინგრედიენტები:

ცომი


  • მშრალი საფუარი - 12 გრ
  • რძე - 250 მლ
  • კარაქი - 80 გრ
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
  • დარიჩინი - 1 ჩ.კ.
  • ფქვილი - 3,5 ჭიქა


შიგთავსი


  • კარაქი (ოთახის ტემპერატურის) - 80 გრ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • დარიჩინი - 3 ჩ.კ.
  • კვერცხი - 1 ცალი
მომზადება:
  1. ჯამში აურიოთ საფუარი რამოდენიმე კოვზ თბილ რძესთან ერთად და გავაჩეროთ 5-10 წუთი.
  2. ამასობაში გავადნოთ კარაქი და ჩავასხათ მასში რძე. გავაგრილოთ.
  3. საფუარიან მასაში ჩავასხათ რძე - კარაქის მასა. დავუმატოთ შაქარი, დარიჩინი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
  4. მიქსერით ან ხელით მოვზილოთ ცომი 10-15 წუთის განმავლობაში. მოვამრგვალოთ ცომი, ჩავდოთ ჯამში, დავაფაროთ ნოტიო პირსახოცი  და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი. ცომის ზომამ 2 - ჯერ უნდა მოიმატოს.
  5. გავაბრტყელოთ ცომი 3 მმ სისქეზე. ზემოდან გადავუსვათ ოთახის ტემპერატურის კარაქი. ავურიოთ შაქარი და დარიჩინი, მოვაყაროთ გაბრტყელებულ ცომს ყველგან.
  6. გადავახვიოთ ცომი როგორც რულეტი და დავჭრათ 2-3 სმ სისქეზე. ჩავაწყოთ ფუნთუშები ფორმაში, გადავაფაროთ პირსახოცი და გავაჩეროთ კიდევ 1 საათი. ცომი გაფუვდება და ფორმაში ყველა ცარიელ ადგილს ამოავსებს.
  7. ავთქვიფოთ კვერცხი და გადავუსვათ ფუნთუშებს ზემოდან. ზემოდან მოვაყაროთ შაქარი.
  8. შევდგათ წინასწარ 200 °C გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 10-15 წუთი.
  9. შეგიძლიათ  მიირთვათ ნაღების ან კარამელის სოუსთან ერთად.







შოკოლადის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები:

ფხვიერი შოკოლადის ორცხობილა 120 გრ  
კრემ-ყველი230 გ (შეგიძლიათ ნაკლებ ცხიმიანი ხაჭოთი ჩაანაცვლოთ)
შაქარი1 ჭიქა (200 გრ)
გამდნარი კარაქი 100 გრ
ფქვილი3 .კ.
ვანილი
შოკოლადი 200  გრ (2 ფილა)
არაჟანი1 ჭიქა
კვერცხი 3 ცალი

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. 22 სმ დიამეტრის მრგვალ ან მართკუთხა ფორმას წავუსვათ კარაქი. დაფხვნილი ნამცხვარიგამდნარი კარაქი და 3 . შაქარი აურიეთ, შემდეგ კი ჩატკეპნეთ ფორმის ძირში. 

მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი, დარჩენილი შაქარი და ვანილი სანამ ფაფუკ კრემს არ მიიღებთ. დაამატეთ ფქვილი, აურიეთ, შემდეგ კი გამდნარი შოკოლადი დაამატეთ არაჟანთან ერთად. ბოლოს, სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხები, თან განაგრძეთ თქვეფა საშუალო სიჩქარეზე. დაასხით ეს მასა ფორმაში და გამოაცხეთ 40 წუთი, სანამ ჩიზქეიქი ცენტრში არ შესქელდება.

დანა შემოუტარეთ გვერდებზე, მაგრამ ნუ ამოიღებთ სანამ არ გაცივდება. მირთმევამდე შედგით მაცივარში მინიმუმ 3-4 საათი ან  მთელი ღამით.
მოგესალმებით ყველას ჩემ ბლოგზე!
მადლობა რომ გამონახეთ დრო და ეწვიეთ ჩემ ბლოგს. მე მქვია ანი. ძალიან მიყვარს ცხობა. ძალიან ვაფასებ დროს, ამიტომ ძირითადად რეცეპტები, რომლებსაც გთავაზობთ  არის მარტივი, არ მოითხოვს დიდ დროს.
მე დიასახლისის კლასიკური მაგალითი ვარ, რომლისთვისაც ოჯახი არის მთავარი შთაგონების წყარო. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და დარწმუნებული ვარ რომ თქვენც გიყვართ საყვარელი ადამინებისთვის გემრიელობების გაკეთება.
ცხობა არ არის ისეთი რთული როგორც ეს თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ. მე მაქვს უბრალო სამზარეულო, არანაირი პროფესიონალური აღჭურვულობას არ ვფლობ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის გავანებივრო ჩემი ოჯახის წევრები. ჩვეულებრივი პროდუქტებიდან ჩვეულებრივ სამზარეულოში შეგიძლიათ მოამზადოთ  არაჩვეულებრივი კერძები და დესერტები. ამისთვის მხოლოდ საჭიროა კარგი განწყობა და ცოტა მონდომება.
და ბოლოს, მზად ვარ  კითხვებისთვის, კომენტარებისთვის და კრიტიკისთვის.

წარმატებულ და ლამაზ დღეს გისურვებთ!